„მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იმ რეფორმის თანახმად, რაც მათ აქვთ თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე ვეღარ იქნება.

„ეს რეფორმა ამას გულისხმობს. სხვა წესით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რაც ჩვენ დავდეთ. ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროს ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება, რადგან განსხვავებული წესი შემოდის ცესკო-ს დაკომპლექტების. ამ წესის მიხედვით ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის თანამდებობაზე აირჩიონ. თუ მემორანდუმი არ შესრულდება, პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ცესკოს მიმართ არაერთი პრეტენზია გაჟღერდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. მისივე თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში ხდება შეთანხმება სისტემაზე, და არა კონკრეტულ ადამიანებზე.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, ის არის გარკვეული ვადით არჩეული, ამიტომ ეს არ არის ამ მემორანდუმის განხილვის საკითხი. მთავარი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს პიროვნებები. მთავარი მოთხოვნა შეეხება პროცედურებს და სისტემას და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და სწორედ ამაზე იყო კონცენტრირებული მათ შორის მოლაპარაკების პროცესი. სწორედ ამიტომ, პიროვნებები და პიროვნული საკითხები არ არის მემორანდუმის ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Leave a Reply