დიპლომატთა კლუბი განცხადებას ავრცელებს:
2012 წლის 1 ოქტომბერს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ისტორიაში პირველად (შეგნებულად არ ვეხებით ბალტიის სახელმწიფოებს) საქართველოში მოხდა დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება – წაგებულმა ხელისუფლებამ გზა დაუთმო გამარჯვებულ ოპოზიციას. ბევრის აზრით, და ეს ეჭვგარეშეა, ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. სხვა საკითხია, როგორ განვითარდა მოვლენები და შედეგად როგორ აღმოვჩნდით ჭაობში.
დემოკრატიული სამყაროს ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჰიტლერი, ჩავესი თუ სხვა დიქტატორები დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოვიდნენ ხელისუფლებაში მაგრამ ეს არის ის გამონაკლისი, რომელიც ადასტურებს წესს. საქართველოში კი, სამწუხაროდ, ეს გამონაკლისი დადასტურდა. უკანასკნელი მეცხრე წელია საქართველომ მიიღო ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობა, დიქტატურის და ძალაუფლების უზურპაციის საკმაოდ ცხადი ნიშნები.
ისევე, როგორც ყოფილ მეტროპოლიაში, ოკუპანტ პუტინის რუსეთში საქართველოშიც შეიქმნა ძალაუფლების მყარი ვერტიკალი, რომელიც კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში. ხელისუფლების შტოების ჰორიზონტალური გადანაწილება გაქრა და დაემორჩილა მკაცრ ერთპიროვნულ მმართველობას. როგორც წესი, თანამდებობებზე ინიშნებიან მხოლოდ ერთი ადამიანის ოჯახთან და ბიზნესთან დაახლოვებული, უსიტყვოდ მორჩილი და, ხშირ შემთხვევაში, დისკრედიტირებული პირები. როგორც საგარეო, ისე საშინაო სახელმწიფო პოლიტიკა ემორჩილება ერთ ადამიანს, რომელიც დღეს უკვე ძალაუფლების კლასიკური უზურპატორია. ქვეყნის ინტერესები უმეტესობისთვის შეუმჩნევლად გადაიქცა ერთი კლანისა და ერთი პიროვნების ინტერესებად. უხილავი პატრონის კრიტიკა მიუღებელია და იდევნება. კრიმინალი ჰარმონიულად შეეზარდა ხელისუფლებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ოკუპაცია განიხილება, როგორც უბრალოდ უსიამოვნო მოცემულობა.
რვა წლის მანძილზე მიმდინარე პროცესი დაემსგავსა თამაშს – სათითურებით მანიპულირებას. მდარე, მაგრამ ხელების ეფექტური, სწრაფი მოქმედებებით ხდება ყველა მნიშვნელოვანი და ღირებული პრობლემებისგან ყურადღების გადატანა. ოსტატურ ხელებში ბურთულა არ სჩანს, მაგრამ რთული არაა ამ თამაშის მთავარი მიზნის ამოცნობა. Cui prodest, cui bono? ვის და რუსეთს აწყობს. აწყობს, რომ საქართველო დარჩეს მარტო. აწყობს, რომ დასავლეთისთვის საქართველო გაქრეს, როგორც ფაქტორი. რუსეთს აწყობს, რომ საქართველომ ხმა აღარ აიმაღლოს ოკუპაციის შესახებ. რვა წლის თავზე შედეგად მივიღეთ, რომ საქართელოს პროდასავლურობა მხოლოდ დეკლარირებულია, მხოლოდ ქაღალდზეა, ისევე, ალბათ, როგორც ყველაფერი, რასაც ოცნება და ივანიშვილი აკეთებს, მათ შორის საქართველ;ოსთვის უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის მშენებლობა.
რუსეთის მსგავსად საქართველოში – ერთ დროს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანაში – ყვავის ნეპოტიზმი, რომელიც ივანიშვილისთვის, მისივე განცხადებით, პრობლემას არ წარმოადგენს. ბობოქრობს კორუფცია – „ქართულ ჯიგრულ პონტში“ ნაჩუქარი ტენდერები, ერთ ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება, შეჩერებული პროექტები, დაკარგული ლიცენზიები და მრავალი სხვა. ამავე დროს, საქართველო გადაიქცა რუსული და სხვა უცხოური სპეცსამსახურების სატრანზიტო პუნქტად. აქ თავს მშვიდად გრძნობენ გაურკვეველი საქმიანობისა და წარმოშობის „ბიზნესმენებიც“. ქართული სპეცსამსახურები, იმის მაგივრად, რომ ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ, დაკავებული არიან ოპოზიციის თვალთვალით, მათი დაქსაქსვითა და მარგინალიზაციით. რვა წლის წინ ეს იყო წარმოუდგენელი, დღეს ეს ნორმაა. ასევე, ნორმაა ის, რომ ყველა კორუფციულ სქემაში ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის ან დაახლოებული პირების კორუფციული ბიზნეს ინტერესები.
რუსეთის მსგავსად საქართველოშიც ხდება პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა თუ უბრალო მოქალაქეების გაურკვეველ ვითარებაში მკვლელობები. გამოძიება იწელება ან აღმოჩნდება, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას ან დამნაშავე თვითონ გარდაცვლილი იყო. მსგავს შემთხვევებს შორის ყველაზე ხმამაღალი იყო ეროსი კიწმარიშვილი სიკვდილი, არაერთი ბიზნესმენის მკვლელობა, თემირლან მაჩალიკაშვილის საკუთარ საწოლში დახვრეტა, მკვლელობები და რეპრესიები ახლო წარსულში საქართველოს გამორჩეული მეომრების მიმართ. წერილის ფორმატი არ ეყოფა კრიმინალურ გარჩევებში დაღუპული ახალგაზრდების ჩამოთვლას. შეგახსენებთ, რომ რვა წლის წინ საქართველო იყო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.
ეს პროცესი არ აზიანებს მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს. პოლარიზაცია და მარგინალიზაცია გადასულია სამოქალაქო საზოგადოებაზეც. პანდემიასა და ეკონომიკის განადგურებასთან ერთად ქართველებს აშინებს დაუცველობა, უიმედობა და უკიდურესად აღაშფოთებს ყოვლისმომცველი უსამართლობა საზოგადოებრივი აქტიურობის ყველა საფეხურზე. საქართველოს მოქალაქე აღარ არის თანაბარი უფლებების მქონე საკუთარ ქვეყანაში. ადამიანები გრძნობენ დაყოფას, თავსმოხვეულ უსამართლო სეგრეგაციას, რომელიც ყოფს საზოგადოებას ბიძინასთან დაახლოვებულ ელიტასა და დანარჩენ მსახურებზე. საქართველოს ისტორიაში არასდროს, არცერთ დამპყრობელს გარდა რუსეთის იმპერიისა არ უკადრებია მსგავსი აღმაშფოთებელი ბნელი ფეოდალური ფასეულობათა სისტემის შემოთავაზებაც კი. ამასთან, ივანიშვილის ელიტა დაცულია ფინანსურად საერთო ბიზნეს ინტერესებით. იგი სარგებლობს კანონისგან იმუნიტეტით. მათვის სამართალდამცველები პირადი დაცვის ფუნქციას ასრულებენ. მათ აქვთ ლიცენზია მოიპარონ, ჩაიდინონ დანაშაული და პოლიტიკური ლოიალობის ფასად მიიღონ პრეფერენციები, რომელთა შესახებ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერც კი იოცნებებს.
ქართველი ერი ბევრ სიძნელეს იტანს. ეგუება დისკომფორტსა და გასაჭირს, მაგრამ არასდროს მრავალათასწლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო არ შეგუებია უსამართლობასა და უკანონობას. შეუძლებელია საქართველოში საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის სრულფასოვანი შედეგის მომტანი დიალოგის დაწყება, თუ არ დამყარდა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა!
ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ბოლო წერტილი უნდა გახდეს იავანიშვილის ხელისუფლების დასასრულებლად.
და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა. ისევე, როგორც მისი რუსი პატრონი, იგი იგონებს იაფფასიან სქემებს (ტრიუკებს, როგორც თვითონ ეძახის). სქემები ყოველთვის უკანონოა და ყოველთვის პირადი ძალაუფლების აბსოლუტურ გამყარებასთანაა დაკავშირებული. სარგებლობს რა პანდემიით და დასავლეთში არსებული მრავალი პრობლემით, იგი დემოკრატიულ სამყაროს დასცინის. მისთვის სრულიად უცხოა ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული ლიბერალური ფასეულობები. მიცემული სიტყვა მისთვის არაფერს ნიშნავს, თუ არა დროის მოგებას და პარტნიორის „გაცურების“ ხელსაყრელ საშუალებას. პრინციპების მიმართ ერთგულებას და კანონის უზენაესობას ის, პუტინის მსგავსად, აღიქვავს სისუსტედ, სიბრიყვედ. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ დაკოტას ტომის ანდაზას – „ცხენი მოკვდა, ჩამოდი“. ბიძინა ივანიშვილის „დემოკრატიულობის“ კარიკატურულად კომუფლირებული ცხენი რვაწლიანი აგონიის შემდეგ ტრაგიკულად გარდაიცვალა 2020 წლის 31 ოქტომბერს. პატრონი ცდილობს მოგყიდოთ ცხენიდან ჩამოსვლის უნიჭო იმიტაცია, თუმცა გალურჯებული თითებით ძალაუფლების ლეშსაა ჩაფრენილი.
სამ თვეზე მეტია ქართველი ხალხი მშვიდობიანად ცდილობს მოიპოვოს მისი კუთვნილი უფლება, შეცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით. მათი ხმები ფალსიფიკაციით მოიპარეს. ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ დაკარგეს ლეგიტიმურობა უსუსრი მცდელობების მიუხედავად. სამწუხაროდ, ქართველმა უზურპატორმა მოახერხა და მიიყვანა ჩვენი ქვეყანა იმ უფსკრულის კიდესთან, სადაც მოჯადოვებული წრიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ახალი ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და დამოუკიდებელი ობიექტური დამკვირვებლების პირობებში.
საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ შექმნილი მდგომარეობის გამო. რიგი ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა დაუყოვნებლივ გამოეხმაურა დემოკრატიის და დასავლური ვექტორის გამრუდებას. წუხილი ყოველდღიურად მატულობს. ეს იმედს გვაძლევს, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს ავტორიტარიზმზე, რომ ქართველი ხალხის მიერ მრავალჯერ დადასტურებული მისწრაფება დასავლური ოჯახისკენ არ დაიკარგება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ხალხის პროტესტი და მეგობრების აქტიური, გამიზნული მხარდაჭერა პოზიტიურ განვითარების გზაზე დაგვაბრუნებს.

Leave a Reply