თაკო ჩხიკვაძე

სტაჟიორი

  დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა.ის სიმბოლოა ერთგულების, თავდადების, გაუტეხლობის…

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. 1973 წელს სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა, ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. ეკავა კომკავშირული და პარტიული თანამდებობები თბილისსა და რუსთავში. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1989 წელს დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.შრომითი საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ 1959 წელს მუშად ქარხანაში, იყო სკოლის მასწავლებელი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ხელმძღვანელ კომკავშირულ, პარტიულ და სამეურნეო სამუშაოზე; ასევე 1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1988-1992წწ. იყო სახელმწიფო კონტროლის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე; 1992 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატად; 1993 წლის 18 ივლისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ,იგი წამებით მოკლეს 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, ქალაქის დაცემის დღეს;

აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა: 

„მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშარობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.

„წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“…

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ – ეს იმ სიტყვების ჩამონათვალია, რომელიც ჟიული შარტავას სიკვდილამდე დღეებით ადრე უთქვამს.

2004 წელს ჟიული შარტავას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

სენაკში შეიქმნა ჟიული შარტავას მუზეუმი. მისი სახელი მიენიჭა ქუჩებს (გამზირებს) და საჯარო სკოლებს თბილისში, ქუთაისში,ბათუმსა და რუსთავში. დაიდგა ძეგლები რუსთავსა და სენაკში. 2014საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაფუძნდა ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლა.

2020 წელს გამოიცა ჟიული შარტავას საფოსტო მარკა 2019–2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში „ეროვნული გმირი“.  დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

ვფიქრობ, ჩვენ, აუცილებლად უნდა შევასრულოთ ის მიზნები და ამოცანები, რისთვისაც ჟიული შარტავა სიცოცხლის ბოლო წუთამდე სოხუმში იყო.  თავისი გმირობით გვაჩვენა მაგალითი იმისა, რომ არ უნდა გავტყდეთ და სამშობლოს უნდა ვემსახუროთ ყველაფრით, რითიც შეგვიძლია, მისთვის უმთავრესი იყო სამშობლოს სიყვარული და მან თავისი გმირობით მაგალითი მისცა საქართველოს ღირსეულ შვილებს,რათა მუდამ იდგნენ ქვეყნის სადაჯაროზე და იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის.

 

 

Leave a Reply