ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

10 მიზეზი რატომ არ უნდა აშენდეს ნამახვანჰესი!
1. ენერგოდამოუკიდებლობა!
როდესაც ხელისუფლება ამ ანტისახელმწიფოებრივ პროექტს ენერგოდამოუკიდებლობით ამართლებს, არ უხსნის მოსახლეობას რომ ელექტროენერგის საკითხში ჩვენ 85% ენერგოდამოუკიდებლები ვართ! გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს ნამახვანჰესის ენერგო-საჭიროებებთან დაკავშირებით.
2. სახელმწიფო უსაფრთხოება!
თურქულ კომპანია ენკას 600 ჰექტრამდე მიწა გადაეცა, ნაწილი საკუთრებაში ხოლო ნაწილი აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით. კომპანიისთვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია „ენკა რინიუებლზს“ 1 ლარად გადასცეს სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც“. მიწის „საჭიროებას“კომპანია ადგენს, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ მოიცავს რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი. მდინარე რიონის 32 კილომეტრი 99 წლით თურქული კომპანიის საკუთრება გახდა! შესაბამისად, უცხო ქვეყნის კომპანიის ხელში აღმოჩნდა საკმაოდ ვრცელი ტერიტორია და აუცილებლად გასათვალისწინებელია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ყველამ ვიცით თურქეთის კულტურული ექსპანსიისა და მისი შეფარული ამბიციების შესახებ. მაგალითად დანიაში სანაპირო ზოლში უცხოელებისთვის საკუთრების შეძენა გამკაცრებულია და ეს გამკაცრებული კანონები ცნობილია როგორც „ანტიგერმანული წესები“, ანუ ევროპაში დანია იცავს თავს გერმანიისგან და იმაში სათაკილო არაფერია თუ ჩვენც თავს დავიზღვევთ “ამბიციურ” მეზობლებთან მიმართებაში.
3. ეკონომიკური სარგებლიანობა!
ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში ენკასგან გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6,2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია. შესაბამისად, ამ პროექტით სახელმწიფოს ან მოსახლეობის სარგებლიანობაზე საუბარი არასწორია.
4. პასუხისმგებლობა!
ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტითაა დაზღვეული. კომპანია უფლებამოსილია, მთავრობისგან მოითხოვოს ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს. მთავრობა ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი.
5. სარგებელი 800 მილიონიანი ინვესტიციიდან!
დღეს სამწუხაროდ საქართველო არ არის მწარმოებელი სახელმწიფო და ძირითადად იმპორტულ პროდუქციაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ჰესისთვის საჭირო საშენი მასალა (მომუშავე კვალიფიციური კადრებიც) სავარაუდოდ თურქეთიდან შემოვა. ამ 800 მილიონიანი ინვესტირებული თანხის დიდი ნაწილიც თურქულ ეკონომიკაში დაბრუნდება.
7. ეკოლოგია და გარემოს დაცვა!
როგორც ეკოლოგები საუბრობენ, ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ. გარდა ამისა, უნდა გაიჩეხოს და დაიტბოროს სახელმწიფო ტყის 157 ჰექტარი. “ენკამ” არ ჩაატარა სავალდებულო კვლევები, რა ზეგავლენას იქონიებს პროექტი ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებაზე. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან.
8. დასაქმება! კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, შესაბამისად, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ საქართველოში ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან.
9. რისკები და სამშენებლო კვალიფიკაცია!
ხელსუფლებამ გადაწყვიტა გიგანტური ჰესების მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში – მეწყერსაშიშ და საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე სეისმურ ზონაში! ამ პროექტის ავტორები, მხარდამჭერები და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები, დაახლოებით იგივე ხალხია, ვინც სხვადასხვა წლებში პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ: 2014 წელს დარიალჰესზე – სადაც არასრულყოფილად ჩატარებული გზშ–ს შედეგად სამშენებლო ტერიტორია 2-ჯერ დაიმეწყრა, და იმსხვერპლა 5 ადამიანის სიცოცხლე;
ასევე 2014 წელს ლარსიჰესზე – სადაც ღვარცოფმა აღნიშნული ჰესი ფაქტობრივად დამარხა;
2017 წელს შუახევიჰესზე – სადაც ობიექტი გახსნიდან 3 თვეში სადერევეციო გვირაბის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა, ხოლო 37 კილომეტრიანი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა; 2019 წელს მესტიაჭალა – სადაც 50 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო, და 2019 წლის 25 ივლისს მოხდა სტიქია, უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა და წარმოქმნილმა ღვარცოფმა გაიტაცა მშენებელი კოპანიის ტექნიკა, დაანგრია უკვე მოწყობილი ინფრასტრუქტურა და ნაგებობები ქვა-ღორღმა დაფარა.
10. როგორც ვხედავთ, სახეზეა კაბალური პირობები და ყველაზე მთავარი საკითხი, თუ რატომ არ უნდა აშენდეს ნამახვანი, ეს ხალხის მასიური პროტესტია! ხოლო კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლების წყაროა ხალხი! ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს ხალხს და მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ, აუცილებლად დამარცხდება!

Leave a Reply