წინწყარო ის სოფელია, რომელიც ბერძენმა მოსახლეობამ წლების წინ დატოვა და ახლა იქ ეკომიგრანტები და დევნილები ცხოვრობენ. სრულიად ახალ გარემოში ჩასახლებულები არ შეუშინდნენ პრობლემებს და დაიწყეს ცხოვრება მომავლის იმედით. სოფელს არ აქვს წყალი და კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ უმთავრესი პრობლემა მაიც მიწის არქონაა.

ფერმერ ქალთა ასოციაციის შეხვედრაზე წინწყაროდან ფერმერი ქალებიც იყვნენ, რომლებმაც ღიად ისაუბრეს პრობლემებზე.

მზეინაბ აბულაძე მეწარმეა, რომელსაც უკვე აქვს ქველის მწარმოებელი საწარმო, თუმცა ამბობს, რომ რძე არ არის საკმარისი რაოდენობით და იმისთვის, რომ საქმე წინ წავიდეს, ფიქრობს გააკეთოს საკუთარი ფერმა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან სწორედ ისე, როგოც ახლა არსებულ საწარმოში, თუმცა დიდი პრობლემის წინაშე დადგა, მას არათუ მიწის ყიდვა, იჯარით აღებაც კი არ უხერხდება.

-საკმაოდ ბევრი გავერანებული მიწაა სოფელში, ეკალ-ბარდებს მიაქვს, მაგრამ ისეთი ბიუროკრატიული კანონები გვაქვს, არათუ ყიდვას, იჯარით აღებასაც კი ვერ ვახერხებ. არ გვინდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, არ გვინდა შვილების, ოჯახების დატოვება, გვინდა აქ, ჩვენს ქვეყანაში ვაკეთოთ საქმე, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. ბევრი პრობლემის წინაშე დგას სოფელი, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც უმიწობა და უწყლობაა. ვის უნდა მივმართო, ერთი მეორესთან მამისამართებს, მეორე-მესამესთან და ასე გადის დრო, საქმე კი წინ არ მიდის-გვითხრა მეწარმემ.

მაშინ როცა საქართველოში 4500 სოფელია, ჩვენს მოქალაქეებს უხდებათ საზღვერების დატოვება და სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა, ეს ადამიანები არ აპირებენ ქვეყნის დატოვებას და უნდათ თავიანთ სოფელში შექმნან და აწარმოონ, მთავრობა კი იმდენ ბარიერს უქმნის, კეთების სურვილიც ეკარგებათ. უამრავი მიწაა ეკალ-ბარდით მოდებული, თუმცა მავანს ურჩევნია გაცდეს მიწა, თავისმა მოქალაქემ კი ვერ ისარგებლოს იმ დოვლათით, რაც ჩვენს ქვეუანას მრავლად აქვს. არადა სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, დარგის პროფესიონალები დაალაგებენ სიტუაციას, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კეთილი ნებაც პრობლემაა, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალიზმზე…

Leave a Reply