ახალციხეში “ასტრაზენაკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ახალციხის შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

“დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა გამოძიება ამ შემთხვევის, როგორც ეს ხდება გვერიდით მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის, ვიდრე არ მოხდება შესწავლა შემთხვევის, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ახალციხეში, იმედის კლინიკაში აცრილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა საყურადღებოა. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რა ტიპის რეაქციაა, თუმცა, ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტს ანიფილაქსიური შოკი განუვითარდა. 

“სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული, თუ სხვა ტიპის რეაქცია. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. მას ჩაუტარდა დაუყოვნებლივ, პროტოკოლით გათვალისწინებული სასწრაფო დახმარება, მაგრამ არ მოიხსნა ეს შოკი და მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ინტუბირება და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად, ადგილზე ჩასულია მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის გადაყვანა ხდება თბილისში.

შემთხვევის მოკვლევა დაწყებულია და ამ ეტაპზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ მოკვლევა არ დასრულდება,”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

უახლესი ინფორმაციით: 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ექთანი, რომელიც “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. 

გამყრელიძის ცნობით, ექთანი მართვით სუნთქვაზეა. 

Leave a Reply