ამნისტიის კანონი არ არის სხვა რაღაცების ალტერნატივა, ამნისტია არის ერთადერთი ზომა, რომელიც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიამ კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც გაწერილია შეთანხმებაში.

„არც გირაო და არც თავდება არ იცავს ბრალდებულს, ერთადერთი რაც იცავს, არის ამნისტია. ამნისტიას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ამნისტია ჩვენი მოთხოვნა არ იყო, ჩვენ ეს პუნქტი არ მოგვწონდა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა, ამიტომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი აღსრულდეს, შესაბამისად, ამნისტიის შესახებ კანონი უნდა მივიღოთ. გირაოს გადახდა ჩვენთვის ერთი მხრივ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გირაო რომც მიიღოს ნიკა მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ის ციხეში შებრუნდება. ამიტომ, ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის.

როდესაც მელია ამბობს იმას, რომ ის მზად არის გირაო აღიაროს, გამოვიდეს ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული ეს თავისთავად კარგია, რადგან ეს არის უკან დახევა, მაგრამ მინდა მელიას ვუთხრა, რომ კაცური საქციელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მისგან იყვნენ გაბრიყვებული და რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი. მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც გაწერილია შეთანხმებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Leave a Reply