ადვოკატი – ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დარწმუნებულია თავის უდანაშაულობაში. „მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ, ჯობს, რომ მოვუსმინოთ მათ პროცესზე. ბუნებრივია, მათ ყველა კითხვას უნდა გასცენ პასუხი. შესაბამისად, ჩვენც გვექნება საკმაოდ ბევრი და კრიტიკული კითხვა, დაველოდოთ მოვლენებს. არა თუ მოლოდინი გვაქვს, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ბრალდების საქმეზე სრულიად უდანაშაულოა”, – განაცხადა ჭკადუამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

Leave a Reply