„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას პარლამენტიდან მიმართეს, მიიღონ ზომები, რათა „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მათი უფლებებსა და უსაფრთხოება საფრთხე არ შეექმნას. მათ სპეციალური ბრიფინგი პარლამენტში გამართეს, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად.

პარლამენტის წევრებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეს, რათა დროულად დანიშნოს კომიტეტის სხდომა, სადაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების თაობაზე კითხვებს უპასუხებს.

“ვისურვებდი ეს კვირეული ჩატარდეს მშვიდობიანად – ისე როგორც ეს ევროპულ ქვეყანას შეეფერება, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა თანაბრად სარგებლობს კონსტიტუციით დაცული უფლებებით. სამწუხაროდ, გვესმის ძალიან მძიმე მუქარის ტექსტები და კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ძალადობისკენ მოწოდება. ასეთ ვითარებაში ჩვენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დავიბარეთ, რათა მან ყველა კითხვას უპასუხოს და გვქონდეს გარანტია, რომ „პრაიდის“ კვირეული სწორედ ისე ჩატარდება, რომ თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული. სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გვაქვს, რითაც პარლამენტის რეგლამენტი ირღვევა. მინისტრი ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს პასუხი გასცეს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონსტიტუციით დაცული უფლების რეალიზება. მათ იმედი აქვთ, რომ „პრაიდკვირეულის“ მშვიდობიანად ჩაატარებენ.

“სახელმწიფომ უსაფრთხოების ძალიან მკაფიო გარანტიები უნდა მოგვცეს. მარში იქნება მშვიდობიანი და მშვიდობიანი მარშის უსაფრთხოება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში და მათ უნდა აღასრულონ ის, რაც ამ კანონში წერია”, – განაცხადა თბილისი პრაიდის გამგეობის წევრმა ნინია კაკაბაძემ.

Leave a Reply