„მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბოლო დროს, ბევრი საუბრებია და კითხვებიც დაისვა, ხომ არ იქნება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა – ეს არის მართვის გზა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეპიდემია ეფექტიანად ვმართოთ. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოკდაუნი“, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი – ვალის სახით, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

„მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქით“ და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Leave a Reply