გიორგი გახარია
პარტია “საქართველოსთვის”
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი დაბა ხარაგაულში გახსნა.
,,ახლა მთავარი არის, რომ ამ არჩევნებზე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ და ისეთი არჩევანი გავაკეთოთ – ამ ქვეყანაში ლანძღვა, გინება, ჭორაობა, დავიდარაბა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. როგორ შეიძლება ყველა არჩევნებზე აი ასე ერთმანეთი ვლანძღოთ ქართველებმა, რაღაცა ღირსება ხომ უნდა იყოს? – არ შეიძლება!“ – მიმართა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს.
„მეც ოცნების ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება ჩემს წარსულზე, რაღაც აუგი ვთქვა, რადგან კარგი თუ იყო და ცუდი რაც იყო – ჩემი ნაწილია ხომ? მომავალში შეიძლება ბევრი დისკუსია გვქონდეს და მომავალში ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ასე წარსულზე…ჩემთვის ეს მიუღებელია! ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი.“ -ამბობს გახარია.
გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ცვლილებების მიღწევა და მდგომარეობის გაუმჯობესება სწრაფად შეიძლება ერთიანობის და კეთილსინდისიერად მუშაობის შემთხვევაში.
„ჩვენ ამ ქვეყანას ვემსახურებით – ამიტომ ვამბობ, რომ არავის წინააღმდეგ არა ვართ, არავის არ ვეომებით. ჩვენ გვაინტერესებს ქვეყანა როგორ გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლაა. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის გარეშე ეს ქაოსი უნდა დავასრულოთ, ამ ქაოსიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ და ამ ქვეყნიდან გაქცევა კი არა, დარჩენა უნდოდეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ძალიან სწრაფად.უბრალოდ გვჭირდება ერთიანობა, კეთილსინდისიერება, არანაირი კორუფცია, არანაირი ნეპოტიზმი და საქმეს უნდა მივხედოთ და გამოვა ყველაფერი. “- ამბობს გახარია.
„თითოეული მუნიციპალიტეტისთვის პარტიას ექნება თავისი განვითარების პროგრამა. ხარაგაული ულამაზესი კუთხე გაქვთ. მიწა ცოტაა, სოფლის მეურნეობას უჭირს, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება! აქ შეიძლება სასმელი წყლის, გზის და კიდევ ბევრი პრობლემა იყოს – ამაზე კონცენტრირებულად უნდა ვიმუშაოთ და სწრაფად მოგვარებადია. მაქსიმალური რაოდენობა ტურისტი უნდა მოვიყვანოთ. ტურისტი, მცირემიწიანი სოფლის მეურნეობა, ხარისხიანი პროდუქტი – ეს არის ძირითადი, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.’’ _ ამბობს გახარია.