პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ.

პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან აღუდგებოდა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა და დაფინანსების აღდგენა 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან განისაზღვრა.

პარტიებს აუნაზღაურდებათ ის თანხა, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. დაფინანსების მიმღები პარტიებია „გირჩი“ და „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

აქვე შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ხოლო „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ – დაფინანსება 497 406 ლარია.

Leave a Reply