უკრაინაში, ლვოვის ოლქში, იავორივის სამხედრო პოლიგონზე მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021 მიმდინარეობს. საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალები 6 ოფიცრითაა ჩართული, რომლებიც სწავლების საშტაბო კომპონენტში მონაწილეობენ. ქართველი სამხედროები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში საჰაერო თავდაცვისა და საცეცხლე მხარდაჭერის ოფიცრებით, ხოლო სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) გამოცდილების გაზიარების  და საერთაშორისო დამკვირვებელ- მაკონტროლებელი ოფიცრებით  არიან წარმოდგენილი.

საერთაშორისო სწავლების მიზანი ნატოს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის გაზრდა და სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებების დახვეწაა.

მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021-ში 15 პარტნიორი ქვეყნის 6000 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სწავლებაში მონაწილეობენ: უკრაინა, აშშ, ბულგარეთი, კანადა, საქართველო, გერმანია, იტალია, იორდანია, ლიეტუვა, მოლდოვა, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.

Rapid Trident 2021 ყოველწლიური აშშ-უკრაინული სწავლებაა, რომელიც ოფიციალურად 1 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოს თავდაცვის ძალები Rapid Trident-ში 2013 წლიდან სხვადასხვა კომპონენტში მონაწილეობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *