გიორგი გახარია ქვეყნის დეოკუპაციას აბსოლუტურად რეალურად მიიჩნევს: ,,ეროვნული თანხმობით უნდა შევიმუშავოთ დეოკუპაციის სტრატეგია. სხვანაირად შეუძლებელია სერიოზული განხილვა ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის წევრობის და ა.შ.“

„ეს არ არის მხოლოდ დაკარგული ტერიტორია – ეს არის შეზღუდული ქვეყნის განვითარება, ეს არის ქვეყნის პერსპექტივის, მომავლის შეზღუდვა!’’ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში ოკუპაციასთან დაკავშირებით.
„ყველა ძალიან მძაფრად აღვიქვამთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მაგრამ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ! როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მთავრობა მტკიცდებოდა – ჩვენ მაშინ მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ დეოკუპაციის სტრატეგიის შექმნა და ამას ძალიან პრაქტიკული მიზანი აქვს – შეუძლებელია, საქართველოს არ ჰქონდეს გააზრებული დეოკუპაციის სტრატეგია, რომელიც ეროვნულ დონეზე იქნება შეთანხმებული.  ჩვენ შეიძლება პოლიტიკურ ჭრილში ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ და უმძიმეს კონკურენციაში ვიყოთ ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ ყველა ქართველები ვართ და ერთი სახელმწიფოს შვილები ვართ. უნდა გვქონდეს ზეპარტიული საკითხი, რაზეც მოვახერხებთ ნაციონალურ კონსენსუსს და დეოკუპაცია   ერთ-ერთი საკითხია, სადაც საერთო პოლიტიკური კონსენსუსი უნდა გვქონდეს!’’- განაცხადა გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგიის შექმნის და მასზე ეროვნული შეთანხმების შემდგომ საფეხურებად ამ სტრატეგიის ჯერ პარტნიორებთან, შემდგომ აფხაზებთან და ოსებთან შეთანხმება დაასახელა, ისევე როგორც ქვეყნის საბოლოო დეოკუპაციის მისაღწევად ოკუპანტთან საუბარი.
,,ეს არის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპია –  ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგია უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის სტრატეგია უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. და, რა თქმა უნდა, ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგიით უნდა დავიწყოთ ლაპარაკი მტერთანაც, ოკუპანტთანაც! უნდა გვესმოდეს, რომ არავინ ჩვენს მაგივრად ამას არ გააკეთებს! ‘’- ამბობს გახარია.
წამყვანის კითხვაზე, რეალურად მიაჩნია თუ არა ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია, გახარია პასუხობს, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია.
„აბსოლუტურად!  ჩვენს პასუხისმგებლობად მიმაჩნია, როგორც სახელმწიფოს გვქონდეს შემუშავებული დეოკუპაციის სტრატეგია, რომელზეც ვიმუშავებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებთან! სხვანაირად შეუძლებელია ქვეყნის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების სერიოზული განხილვა, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა და ასე შემდეგ.  ჩვენ, ქართველებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან თუ არ გვექნა  ჩვენი საერთო მომავლის ხედვა 5, 10, 20 წლის პერსპექტივაში – არავინ ჩვენ ჩვენს გარემოცვაში, რეგიონში, მსოფლიოში, სერიოზულად არ აღგვიქვამს.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ

Leave a Reply