„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითმმართველობის არჩევნებს “რეფერენდუმი” დაარქვა იმისათვის, რომ გაამართლოს ის ძალადობა, რომელიც არჩევნების შემდეგ აქვს დაგეგმილი”, – ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ძაგანიამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

„ამ არჩევნებს მოძალადე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ “რეფერენდუმი” დაარქვა, რადგან ცდილობს, არჩევნების შემდეგ, თითქოს, რეფერენდუმის გაყალბების მოტივით ძალისმიერი მოქმედებები დაიწყოს და არაკონსტიტიუციური გზით ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. რა რეფერენდუმია ეს არჩევნები? რეფრენდუმი არის აბსოლუტურად სხვა სამართლებრივი, დემოკრატიული მოცემულობა, რომელსაც ხალხის უშუალო პოლიტიკური ჩარევა და ხალხის პოლიტიკური, საკანონმდებლო უფლებების განხორციელება ჰქვია. ხალხი ხდება კანონის შემქმნელი და დამკვეთი, რომელსაც შემდეგ პარლამენტი მიიღებს. რომელ კანონს ვიღებთ ადგილობრივ არჩევნებში? ამას რეფერენდუმთან კავშირი არ აქვს. რეფერენდუმი დაარქვეს იმიტომ, რომ გაამართლონ ის ძალადობა, რომელიც არჩევნების შემდეგ აქვთ დაგეგმილი. ესაა, მეტი არაფერი.
ყველაზე მეტად აგრესიულები, დამნაშავეები, კრიმინალები, მკვლელები, გამაუპატიურებლები, ბიუჯეტის მჭამელები, წინა პლანზე არიან წარმოჩინებულებ ისე, თითქოს, საზოგადოებას სხვა არჩევანი არ აქვს“, – განაცხადა ძაგანიამ.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური ველი ისევ ორპოლუსიანია.

„დღეს ტრაგიკული დღეა – სოხუმის დაცემის დღე. მინდა, გარდავცლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო და გმირები გავიხსენო. იმედი გვაქვს, რომ წართმეულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. ამისათვის როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით სწორი პოლიტიკის გატარებაა საჭირო. ის, რაც დღეს ხდება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დემოკრატიის განვითარებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს. რამდენიმე დღეში საქართველოს უმნიშვნელოვანესი არჩევნები ელოდება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ თვითმმართველობის არჩევნები უკვე გაყალბებულია, არა მარტო სახელისუფლებო პარტიების მხრიდან, არამედ ამჯერად უკვე ოპოზიციური პარტიების მიერ. ეს, ალბათ, მარტო ქართული ფენომენია, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მე არ წამიკითხავს ისეთი ვითარება, როდესაც ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბებას ცდილობენ. დავიწყოთ იმით, რომ არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები დახვეწილია და ის პერიოდი, როცა საარჩევნო უბნებში ბიულეტენებს იძულებით ტენიდნენ, წავიდა. კარუსელებიც კი უკანა მხარეს გადავიდა. არჩევნების გაყალბება უკვე ერთი თვეა, დაიწყო. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ მილიონები იხარჯება იმ სატელევიზო სიუჟეტებში, სადაც მხოლოდ ის პოლიტიკური გუნდები ჩანან, რომლებიც ამ ტელევიზიებს ფლობენ, ასევე, ის პოლიტიკური გუნდები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციიდან არიან დაფინანსებულები. ამ არჩევნებზე 40 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული. ამ 40 პარტიიდან ჩანს ერთი ხელისუფლება და მეორე – „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი სატელიტებით. სხვა პოლიტიკურ ძალებში არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის პოლიტიკური პლატფორმის წარდგენას შეძლებენ? არ აქვთ პროგრამა და დაპირებები, რომელიც ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალებას გაუადვილებდა? მაგრამ ეს ყველაფერი უკანა მხარესაა გადაწეული. აგრესიული სიუჯეტებით ცდილობენ, კონკურენტებს ლაფი დაასხან. ისევ ორი პოლუსია. ისევ ისეთი ვითარებაა – „ნაცები“ არ მოვიდნენ, ამიტომ იყოს „ოცნებაო“, ნამდვილად მოძალადე „ნაციონალური მოძრაობა“  ნახევრად კრიმინალური პოლიტიკური გუნდია, მათი ხელისუფლებაში მოსვლა წარმოუდგენელი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ საზოგადოება დაიღალა იმით, რომ „ნაცების“ შიშით „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს მხარი, ეს ქვეყნის პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებას ხელს არ უწყობს. საზოგადოებას უნიკალური შანსი აქვს, ქვეყნის დემოკრატიულ და პოლიტიკურ განვითარებას ჩაუყაროს საფუძველი. ანუ, უნდა აირჩიოს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისათვის პლატფორმა იქნება და არა ის ძალები, რომელიც არჩვენების შემდეგ სარევოლუციო განწყობების შექმნას ცდილობენ. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მხარდაჭერას მიიღებს, რომელიც საფუძველს მისცემს, გამოაცხადონ, რომ ეს საკმარისია იმისათვის, რომ რევოლუცია დაიწყონ, ისევ დაპირისპირება დაიწყება. ამიტომ, დღეს ქვეყნის განვითარების გასაღები ხალხის ხელშია, შეცდომა არ უნდა დავუშვათ, ისეთი პოლიტიკური ძალა უნდა შემოვხაზოთ, როგორიცაა თუნდაც „მემარცხენე ალიანსი“. არც ხელისუფლებას, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალებას არ მივცემთ, საზოგადოება ისევ სამოქალქო დაპირისპირებისკენ წაიყვანონ. უნდა ვაიძულოთ, რომ ქვეყანაში ისეთი საბიუჯეტო პროგრამა დაიწეროს, რომელიც ქვეყნის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ძაგანიამ.

წყარო – kvira.ge

Leave a Reply