გულიკო ზუმბაძე

30 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტური ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლებისთვის, არა მხოლოდ მერის არჩევნებია, არამედ ქართველი ხალხის (თბილისელების) ნების პირდაპირი გამოხატვა, უნდათ თუ არა რუსეთის გავლენისაგან საბოლოოდ განთავისუფლება. ეს გავლენები, ერთი შეხედვით, უხილავია, მაგრამ ამ მდგომარეობას კარგად გამოხატავს ხელისუფლების რიტორიკა და მოქმედება, რომელსაც, შესაძლებელია, 2012 ში სულაც არ უნდოდა მოვლენები ასე განვითარებულიყო.

გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში რომ მოდიოდა, მთავარ პარტნიორებად პროდასავლური ოპოზიციური პარტიები დაასახელა. მერე რა მოხდა, თანდათან მათი ლიდერები ჩამოიცილა და უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, “ოცნების” ლიდერები უკვე ღიად გამოხატავენ ანტიდასავლურ განწყობილებას. ეს არის ქვეყნის ისტორიული ორიენტაციის შეცვლის არასწორი და საზიანო მოქმედება…

ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, გახლეჩვა-დაპირისპირება, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, საბოლოოდ მოწყდეს ჩვენი ქვეყანა დასავლურ ცივილიზირებულ სამყაროს. ამ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების თანდათანობით ცვლილებაშია. შემოთავაზებულია მრავალპარტიული მთავრობის მოდელი თბილისისათვის, რაც იმის გარანტიაა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აღარ გვეყოლება ერთპარტიული მმართველობა, რამაც დღემდე სიკეთე ნამდვილად არ მოგვიტანა. შემოთავაზებულია ახალი მიდგომები ქალაქის განვითარებისათვის, ახალი გეგმები თბილისელებისათვის. ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!

Leave a Reply