ეროვნული შერიგების საკითხზე დაწყებულ დისკუსიას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც ის აცხადებს, სააკაშვილის გათავისუფლებამდე აზრს მოკლებულია შერიგებაზე საუბარი.

„მნიშვნელოვანია ახლა მობილიზაცია, მნიშვნელოვანია ახლა, რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლად ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრდაკარგული“, – თქვა მელიამ.

ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, “საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

Leave a Reply