სააბონემენტე, ულიმიტო სისტემა 1-ლი თებერვლიდან დაინერგება და შევა ძალაში, თუმცა, 1-ელ თებერვლამდე, საზოგადოებას – მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ აბონემენტები 5 იანვრიდან. აბონემენტები გაიყიდება მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში, სადაც ახალი ბარათები და აბონემენტები გაიყიდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ისე 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი სააბონემენტო სისტემა.

„იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში, ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, 1 ლარად, შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით (მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით) სარგებლობა და ამ ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას, დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში;

ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი, რომელიც 3 ლარი ეღირება. მის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ 3 ლარად იმგზავროს;

ამასთან, შემოგვაქვს ულიმიტო, 1-კვირიანი ბარათი, რომელიც 20 ლარი ეღირება. მის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა;

ულიმიტო, 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება. ეს, ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში, საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი, თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ;

ასევე გვაქვს ულიმიტო, 3-თვიანი ბარათი, რომელიც 100 ლარი ეღირება. ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის;

6-თვიანი ბარათის ღირებულება 150 ლარი იქნება. ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს;

1-წლიანი ულიმიტო ბარათის ღირებულება იქნება 250 ლარი მის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით:

* საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ შეძლებენ მგზავრობას თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები.

* 20 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული დაწესებულების სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურები და სხვა;

* 10 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 70 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

ვინ რა შეღავათით ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

Leave a Reply