თავისუფალი სიტყვა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, ფაქტია განსახვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, უფრო მეტიც, ისინი ხშრად ხდებიან ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი.

არაერთი ადამიანია, რომელმაც დიდი წნეხისა და ძალადობის შემდეგ ქვეყანა დატოვა.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ ქალზე გვინდა გიამბოთ. მიუხედავად იმისა, რომ ის სამი შვილის დედაა, მაინც ვერ დამალა თავისი ორიენტაცია და ტყუილში ცხოვრებას ამჯობინა სიმართლე გაეჟღერებინა, რის გამოც გახდა როგორც ოჯახის წევრების, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან ბულინგის ობიექტი.

პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რატომ ამდენ ხანს არ თქვით თქვენი სათქმელი ხმამაღლა? რატომ მაინც და მაინც ქვეყნიდან წასვლის შემდეგ დაგვიკავშირდით?

-ეს რომ გაიგოთ, ჩემი ისტორია უნდა იცოდეთ, თუმცა სანამ მოგიყვებით, გეტყვით, რომ საქართველოში ვერ ვიტყოდი ხმამაღლა, რადგან ჩემი ოჯახი, მეუღლე სიკვდილით მემუქრებიან და ამიტომ ვამჯობინე ქვეყნის დატოვების შემდეგ მექვა ყველაფერი.

-ამჟამად სად ხართ?

-ვერც მაგას გეტყვით, დღესაც მეძებენ და არ მინდა ჩემმა ახლობლებმა გაიგონ სად ვიმყოფები. არ მინდა ჩემს  სიცოცხლეს მორიგჯერ დაემუქროს  საფრთხე.

-ქვეყანა განსხვავებული ორიენტაციის გამო ზეწოლების შედეგად დატოვეთ.

-ლესბოსელი ვარ, თუმცა სანამ ჩემს ორიენტაციაში გავერკვეოდი და იმ განცდებსა თუ სულიერ წინააღმდეგობებს სახელს დავარქმევდი, მრავალი წელი დამჭირდა.ჩემი ბავშვობა და თინეიჯერობა საბჭოთა პერიოდს დაემთხვა,სადაც მოგეხსენებათ, ჩაკეტილ სივრცეში,ერთგვარ საინფორმაციო ვაკუუმში გვიწევდა ცხოვრება.ზოგადი სექსუალური განათლებაც ტაბუდადებული იყო და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხო საერთოდ გამორიცხული.

ჩაკეტილი ,არაკომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი, რადგან თავად ვცდილობდი გამერკვია ის არაორდინალური და სხვებისგან განსხვავებული შეგრძნებები რომელიც გამაჩნდა.ზუსტი სახელი ჩემს გაურკვეველ მდგომარეობას დავარქვი 15წლის ასაკში -აბიტურიენტობის პერიოდში, როდესაც მეგობარმა უცხოური ჟურნალი მოიტანა, რომელშიც აღმოვაჩინე ფოტო ლესბოსელი წყვილის . მალევე პირველი პაემანი მქონდა აბიტურიენტ გოგონასთან..

ამბობთ რომ ლესბოსელი ხართ, მაშინ როგორ მოხდა, რომ ოჯახი შექმენით და სამი შვილიც გყავთ.

-დიახ, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და სტუდენტობის პირველივე სემესტრში მომიტაცა უცნობმა ბიჭმა, როგორც მოგვიანებით გაირკვა ოჯახის შექმნის მიზნით…

ჩემმა ოჯახმა ქართული საზოგადოებისა და ოჯახური მენტალიტეტის გამო დამტოვა მომტაცებელთან და სულაც არავის აღელვებდა, რომ მან ჩემზე ძალა იხმარა, გამაუპატიურა! ჩემებს უფრო ოჯახის ღირსება აწუხებდათ და არც არავის უკითხავს ჩემი აზრი, სულ არავის აღელვებდა ჩემი გრძნობები. როგორც გითხარით, მაშინ სხვა დრო იყო და ტერმინი – რას იტყვის ხალხი, ყველაზე ძლიერი იარაღი იყო…ასე შეიქმნა ჩემი ოჯახი.

-მაშინ არ იცოდნენ რომ განსხვავებული ორიენტაციის იყავით?

-არა, არავინ იცოდა. ხოდა მეც ვერ გავწიე წინააღმდეგობა, მამის როსხვის მეშინოდა, დავრჩი მოძალადესთან, სამი შვილი მეყოლა, ეს იყო მხოლოდ ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში.

-ქმარმა როდის გაიგო?

-ქმარმა მოგვიანებით გაიგო “კეთილისმსურველებისგან” ჩემი ორიენტაციის შესახებ ..იყო სკანდალები.უკვე ბოლო კურსზე ვსწავლობდი როცა იქ ყველას გააგებინა ჩემს შესახებ. იყო ძალადობა და მუქარები მისგან, მერე საზოგადოებისგან, თან ისე გახშრდა ოჯახის მიერ ჩემზე ძალადობა, დაცინვა, მუქარა, ზეწოლა, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი.  ამ დროს სტუდენტი ვიყავი, არ მინდოდა უნივერსიტეტშიც იგივე განმეორებულიყო და სწავლას თავი დავანებე, ეს იმდენად დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის, რასაც ქვია ჩავიკეტე, დეპრესიული გავხდი.

-არ სცადეთ სწავლის გაგრძელება? ასე იოლად დანებდით?

-კი, ვცადე.  წლების შემდეგ როცა დიპლომის დაცვა მინდოდა უარი მითხრეს და განმიცხადეს, რომ არქივი დაიწვა და ინფორმაცია ჩემი სტუდენტობის შესახებ არ მოიძებნა. ძნელი წარმოსადგენია ხო? დიახ, ეს სიმართლეა და ყველაფერი ისევ ჩემს ორიენტაციას უკავშირდებოდა.

-თუმცა მაინც შეძელით და ოჯახიდან წამოხვედით, შვილებიც წამოიყვანეთ.

-მყავს პარტნიორი ქალი, რასაც ჩემი ოჯახი ვერ ეგუებოდა, მამამ სახლიდან გამაგდო და შვილების წართმევითაც დამემუქრა, ამას ემატებოდა  მუდმივი მუქარა  მეუღლის მხრიდან, ამიტომ წამოვიყვანე ბავშვები და დავსახლდი  ქირით იქ, სადაც არ მიცნობდნენ.ვმუშაობდი მუშად , ვალაგებდი ბაღებს , სახლებს..ბავშვები რომ გამომეკვება და ქირა მეხადა.. მაგრამ ის ადამიანები არ მასვენებდნენ, რომლებიც ჩემში “სატანას და ოჯახის შემარცხვენელს” ხედავდნენ, ახალ ადგილასაც მივარდებოდნენ, ყველას აგებინებდნენ ჩემი ორიენტაციის შესახებ, იყო ყვირილი, ისეც ფიზიკური ზეწოლა და სხვა გზას არ მიტოვებდნენ –  ჩემს შვილებთან ერთად  ვიცვლიდი ბინას, უბანს და ისევ ყველაფერს ნულიდან ვიწყებდი.

-ნუთუ არავინ გაგიგოთ?

-ერთადერთი ვინც გვერდით მედგა, დედა იყო-ვერაფერმა გადაწონა დედაშვილობა,

დედობრივი სიბრალული ჰქონდა ჩემს მიმართ და შეეწირა კიდეც ჩემს დაცვას..სოფელში სტუმრად ყოფნის დროს ჩემს საცემად წამოსულ ნაცნობებს შეეცადა შეწინააღმდეგებოდა, ტრასაზე გამოიქცა მათ შესაჩერებლად და ავტოავარიას ემსხვერპლა. მის გასვენებას რა თქმა უნდა ნათესავებმა არ დამასწრეს როგორც მისი მკვლელი. “ოჯახის შემარცხვენლის” სახელს უკვე “მკვლელიც” დაემატა და საერთოდ გაუსაძლისი გახდა ჩემი ცხოვრება.

-და თქვენი პარტნიორი?

– არც ჩემი პარტნიორი იყო უკეთეს დღეში, ისიც მუდმივად განიცდიდა ძალადობას და უკვე ქვეყნიდან გაქცევას ვფიქრობდით.

ახლა ისიც თქენთან ერთად არის?

-ჯერ არა, თუმცა იმედი მაქვს შეძლებს და ისიც დატოვებს ქვეყანას, რადგან საკმაოდ მძმე პირობებშია. მე ეს ყველაფერი უკვე გავიარე დ ვიცი როგორ უჭირს, საკმაოდ ძნელია გაუმკლავდე აგრესიული ხალხის მასას.

-ბავშვებს როდის უთხარით და როგორი იყო მათი რეაქცია?

-ვუთხარი როცა  წამოიზარდნენ-არ მინდოდა ტყუილში ეცხოვრათ, სანამ არასრულწლოვანები იყვნენ არაფერს ვუყვებოდი, მაგრამ სრულწლოვანები რომ გახდნენ მაშინ მქონდა სერიოზული საუბარი. ნაწილობრივ ხვდებოდნენ და როგორც კი გული გადავუშალე, ორმა ქალიშვილმა კარი მიმიხურა, მხოლოდ ერთმა ქალიშვილმა მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ .გათხოვილია და მას ვერ ვსტუმრობ, რადგა მეუღლე და მისი ოჯახი ჩემი მასთან ურთიერთობის  წინააღმდეგია..

-ანუ დღეს თქვენ ორი შვილი არ გეკონტაქტებათ?

-არა. მხოლოდ ერთი და ისიც მართლა დიდი რისკის ქვეშ, სულ მალვით.

-ქვეყანა დატოვეთ, ახლა როგორი დამოკიდებულებაა თქვენს მიმართ? ახლობლები ახლაც არ გპატიობენ?

-რას ამბობთ, ისევ ისეთი დამოკიდებულებაა, მეტიც, ახლაც გრძელდება ჩემი მეუღლისგან მუქარები.ამბობს რომ აუცილებლად მომკლავს..მას შემდეგ რაც 2013 წლიდან ლგბტ პრაიდებზე გამოვჩნდი, საერთოდ მუშადაც ვერ ვშოულობდი სამსახურს..საქართველოში დიპლომი ვისაც აქვს და ახალგაზრდები არიან ისინი ვერ საქმდებიან და მე მითუმეტეს…

ამდენი წელი საქართველოში იყავით და ახლა რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?

-უკვე გაუსაძლისი იყო იქ ცხვრება, ზეწოლები, მუქარები, ამას დაუმატეთ ისიც, რომ არც სახლი მქონდა და ქირით მიხდებოდა ცხოვრება, მერე  ქირის ფულსაც ვერ ვშოულობდი, არსად არ მირებდნენ სამუშაოდ, ამიტომ გადავწყვიტე ევროპაში წასვლა..აქ თავისუფალი გარემოა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისთვის, თან არ მიცნობს არავინ და ვიმედოვნებ რომ შევძლებ დამკვიდრებას.

-შვილმა თუ იცის ახლა სად ხართ?

-არა, სად  ვარ ახლაც ვმალავ, რადგან ვიცი ჩემი ქმარი მუქარას აუცილებლად აასრულებს და მომკლავს. ასევე მამაც, ამიტომ არც ჩემი შვილი მეკითხება და არც მე ვეუბნები, ისედაც მალვით ველაპარაკები.

არ ვიცი როგორ უძლებს ჩემი შვილი დების და ოჯახის ზეწოლას, ძალიან მტკივა გული, მაგრამ….იმედი მაქვს ოდესმე საქართველოშიც მიხვდებიან, რომ ყველა ცოცხალ ადამიანს აქვს ადგილი საზოგადოებაში,

-ანუ დაბრუნებას არ აპირებთ?

-როგორ უნდა დავბრუნდე, ცოცხალი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ წამოვედი, ვიცი ქმარიც და მამაც არ მაცოცხლებენ. იმ ჯოჯოხეთს, რაც გამოვიარე ვეღარ გავუძლებ. სიცოცხლე მინდა. აქაც მეშინია, სულ შიშით ვარ, სადმე ქუჩაში არ დავინახო ჩემი ქმარი.

-თუ არ იცის სად ხართ, როგორ მოგაგნებთ?

-კი, არ იცის სად ვარ, მაგრამ ჩემს გოგოს აწამებს და სულ ცდილობს გაიგოს სად ვარ, შიშში ვცხოვრობ, ამიტომ საქართველოში ვერ დავბრუნდები, ვიცი მომკლავენ

-შეიძლება თქვენს შვილს დაველაპარაკოთ?

-დაეკონტაქტეთ – გვითხრა ქალმა და შვილის კოორდინატები მოგვცა.

მ.ყ.-სთან საუბრის მერე, მის შვილის დავუკავშირდით.

თ. ხ.

-ჩვენ ყველაფერი მოგვიყვა დედამ, სიმართლე გითხრათ, რომ წამოვიზარდეთ,  ვხვდებოდით რომ რარაც ისე ვერ იყო როგორც სხვებთან, საკმაოდ მძიმე წლები გამოვიარეთ დედასთან ერთად და მას მერეც, რაც ის წავიდა. დედა  საქართველოში აღარ არის, მაგრამ მაინც მოგვიხდა მე და ჩემს დებს ადგილსამყოფელის შეცვლა, რადგან დედის წასვლის შემდეგ მეზობლების რისხვა, დაცინვა ჩვენზე გადმოვიდა. ჩემმა დებმა უარყვეს დედა, მე მაქვს მხოლოდ მასთან სატელეფნო ურთიერთიბა, თუმცა ამის წინააღმდეგია ოჯახი და მიწევს მალულად მასთან საუბარი. მამა ემუქრება, სულ ცდილობს გავიგო სად არის დედა ამჟამად, ამბობს სადაც იქნება იქ მოვკლავო, დედას ოჯახიც ამას ამბობს და ამიტომ არც კი ვეკითხები სად არის, მთავარია ცოცხალია. ცუდია, რომ აქ ვერასდროს ჩამოვა, რადგან არ აპატიებენ, არ მიიღებენ და ვიცი მის სიცოცხლეს საფრთხეც შეექმნება, ამიტომ არასდროს ვეუბნები რომ დაბრუნდეს.

საინტერესო იყო გავსაუბრებოდით მ.ყ.-ს პარტნიორსაც, მაგრამ რადგან ის ამ ეტაპზე საქარტველოშია, არ გვინდოდა ჩვენთან საუბრის გამო რაიმე დამატებითი პრობლემა შექმნოდა , თუმცა ეს ალბათ სხვა ისტორიაა სხვა პერსონაჟებით და იმ სიძნელეებით, რომელიც მათ თავიანთი ცხოვრების გზაზე მრავლად ხვდებათ.

 

 

 

Leave a Reply