პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარების ორი კანდიდატი შესთავაზა-გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ ცერცვაძე.

გიორგი კალანდარიშვილი:

„ჩემი მოლოდინების საფუძველია ის კრიტერიუმები, რომელთაც აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ. ესენია დაწერილი თუ დაუწერელი კრიტერიუმები, რომლებიც ეხება დამოუკიდებლობას, გავლენებისგან თავისუფლად ყოფნას, პროფესიონალიზმს, კვალიფიკაციას, სხვადასხვა მთავრობის პირობებში საქმიანობას. ერთია პიროვნული მხარე და მეორე – არჩევნების ჩატარების გამოცდილება, რომელმაც ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა ადმინისტრირებისა და ტექნიკურად გამართულობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში. ესაა საარჩევნო ადმინისტრაციის ის მნიშვნელოვანი წინსვლა და მიღწევა, რომელიც უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობისა და ახალი მენეჯმენტის პირობებში განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ და ამ ინიციატივებისა და რეფორმების ძირითადი ნაწილი ჩემს სახელს უკავშირდება“

თენგიზ თევზაძე

„მზად ვარ, შემდეგ კვირაში, ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაწყებული მმართველი პარტიით და დასრულებული დამოუკიდებელი დეპუტატებით, შევხვდე და ინფორმაცია მივაწოდო ჩემი გეგმების შესახებ. მე ღია ვარ შეხვედრებისთვის. ვაპირებ, შევხვდე სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და გავაცნო ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთაც ვგეგმავ ცესკოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში. ჩემ მიერ წარდგენილი 5-პუნქტიანი გეგმა ხვალინდელი საარჩევნო ადმინისტრაციის აუცილებელი პირობაა. პირველ რიგში, ეს მოიცავს საზოგადოების ნდობის დაბრუნებას, ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას, კენჭისყრის პროცედურების შემსუბუქებასა და ამ პროცედურებში საარჩევნო ადმინისტრაციის სუბიექტური ჩარევის შემცირებას, არჩევნების ტექნოლოგიების მეშვეობით ჩატარებას და აუცილებელი პირობაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში და ჰქონდეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“

Leave a Reply