მინდა დავიწყო ჩემი სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვის ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველო ყველა დონეზე უჭერს მხარს უკრაინას და ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას აგრძელებს.

„ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. მთავრობის სახელით მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამას გავაგრძელებთ. ამის გარდა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით 140 ტონა ტვირთი გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგზავნით უკრაინაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში რჩება, თუმცა კიევიდან გავიდა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დარჩეს დახმარების გარეშე. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ომი კატეგორიულად მიუღებელია და ყველა ლოცულობს იმისთვის, რომ ის მალე დასრულდეს.

„იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Leave a Reply