ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსეთში ქართულ პროდუქტების შეტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა ინფორმაციის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოდან რუსეთში ამ საკითხზე კომუნიკაცია 2020 წლის შემდეგ არ ყოფილა.

“საქართველოდან რამდენიმე კომპანიისგან რუსეთში განაცხადი გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე კომუნიკაცია არ ყოფილა და აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, არის, ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მით უმეტეს, ომის პირობებში საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს…

პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც პროაქტიულად რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ განაცხადები, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდათ მიღებული, შესაძლოა ყოფილიყო დადებითი პასუხი. ეს არის ყველაფერი ამ ისტორიასთან დაკავშირებით”, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. “როსსელხოზნადზორის” განმარტებით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც შედგა “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურიშვილს, ასევე მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის.

Leave a Reply