„ქართული ოცნების“ შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხოეთის ქვეყნებში რამდენიმე ვიზიტის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე განხორციელება კონსტიტუციის დარღვევაა, რაზეც მმართველ პარტიას „პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიაჩნია“.

აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია, რომელზეც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს. მმართველ პარტიაში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტმა „კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია“.

„საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

მმართველი პარტია არ აკონკრეტებს, რას გულისხმობენ უცხოეთში განხორციელებული ვიზიტების გამო, პრეზიდენტის მიმართ „პოლიტიკურ რეაგირებაში“.

Leave a Reply