სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის, მეგობრების, ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის.

„ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ უახლოეს წარსულში, მათ შორის ელჩის გაწვევის სახით. ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი – ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ წარმოადგენენ ხელისუფლების ნაწილს. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური და ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის, მეგობრების, ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებას. წლების განმავლობაში ვთხოვდით უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი, მათ შორის სააკაშვილი, დღემდე იკავებენ თანამდებობებს“, – აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებამ სხვა არჩევანი გააკეთა და ეს არ წაადგება უკრაინას იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ის დღეს იმყოფება.

„საუბარია იმაზე, რომ ეს პროდუქტი, რაზეც უკრაინული მხარე საუბრობს, საიდანღაც უნდა შევიდეს საქართველოს გავლით. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს პროდუქტი უკავშირდება იმ ქვეყნებს, რომლებმაც სანქციები დაუწესეს რუსეთს. ეს არის მარტივი აბსურდი, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, რომ უხეშად დავუპირისპირდეთ უკრაინის ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის დღეს ომის მდგომარეობაში და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შემდეგ ჩვენი რეაქცია უნდა ყოფილიყო დემარში“, – აცხადებს კობახიძე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე შეთანხმდა.

Leave a Reply