რიონის ხეობის გადარჩენისთვის

განცხადება

კომპანია „ენკა“, ნამოხვანის ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ტოვებს რიონის ხეობას. ჩვენი პროტესტის კარვების ეტაპიც დასასრულს უახლოვდება.
გულწრფელი მადლობა მთელ საზოგადოებას, რომელმაც გაიზიარა ნამოხვანის პრობლემა, გამოიჩინა გონიერება, მოთმინება, სიყვარული და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იშვიათია ხოლმე – ერთიანობა და გამძლეობა გრძელვადიან ომში. ვფიქრობთ, სწორედ ეს არის ამ პროტესტის მთავარი მონაპოვარი.
ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება, ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრი არ ცვლის მიწის, წყლის და სხვა რესურსების არაეროვნული და არასახელმწიფოებრივი განკარგვის პოლიტიკას, ცდილობს, დოკუმენტალურად, უკვე პარლამენტის გავლით შეინარჩუნოს ისეთი გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი პროექტები, როგორიც ნამოხვანია და ასე აცოცხლოს დღეს არსებული ძარცვის პოლიტიკა.
ჩვენ არჩევანი არ გვაქვს – თუ მოვდუნდებით, ყველაფერი, რაც მიღწეულია, გაბათილდება. ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა ყველა ის სისტემური პრობლემა, რაც ნამოხვანის პროტესტმა ცხადჰყო, საფუძველშივე აღმოიფხვრას.
7 მაისს, 14:00 საათზე, გუმათში გაიმართება კარვებით პროტესტის შემაჯამებელი აქცია, გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ემოციები და თქვენთან ერთად დავსახოთ მომავალი მოქმედების გეგმა. არ არსებობს სხვა ძალა, გარდა ხალხისა! მოუთმენლად გელით, გვქონდეს ერთმანეთის იმედი!

Leave a Reply