ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჟურნალისტ მიხეილ ხაჩიძის მიერ შედგენილი წიგნის “გერმანული სლენგის” პრეზენტაცია შედგა.

ღონისძიება ავსტრიის ერთ-ერთ უძველეს და პოპულარულ კაფე-სალონ Wortner-ში, ავსტრიაში ქართული სათვისტომოს ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა. მანამდე კი, გუშინ, “Deutsche Umgangssprache – გერმანული სლენგი” ვენის ნოიბაუს მუზეუმში გამოფინეს. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხაჩიძის ახლად გამოცემული წიგნი ნოიბაუს მუზეუმს გადაეცა, სანაცვლოდ კი Cnews-ისა და ქრონიკა+-ის ჟურნალისტს მონიკა გრუსმანის ხელმძღვანელობით გამოცემული წიგნი Homo Neubau აჩუქეს. ქართული გამოცემა მუზეუმში საპატიო ადგილს დაიკავებს.

“დამპატიჟეს ვენის ნოიბაუს მუზეუმში, სადაც მოხდა ჩვენი წიგნების გაცვლა. “გერმანული სლენგი” გადავეცი სამახსოვროდ , მე კი გამომატანეს ქალბატონი მონიკა გრუსმანის ხელმძღვანელობით გამოცემული წიგნი “Homo Neubau”.დიდი პატივია და სრული სასწაულობა. უდიდესი მადლობა! მადლობა ვენას, მუზეუმს, მეგობრებს!“-წერს მიხეილ ხაჩიძე სოცქსელში.

გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილი ჟურნალისტ ირმა კახურაშვილის დასახმარებლად გადაირიცხება, რომელიც ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. შეგახსენებთ, მიხეილ ხაჩიძის მიერ შედგენილი ლექსიკონი – “გერმანული სლენგი” მნიშვნელოვანი გამოცემაა ქართულ საგამომცემლო სივრცეში. წიგნში თანამედროვე სასაუბრო სიტყვები, გამოთქმები, ფრაზები და მაგალითებია შესული, ქართული განმარტებებითა და გერმანულენოვანი სინონიმებით. საუბარია, ყოველდღიურ გერმანულზე, მათ შორის ჟარგონებზე, უცენზურო სიტყვებზეც, რომლებიც სტანდარტულ ლექსიკონებში არ ხვდებოდა.

წიგნი გერმანული ენის შემსწავლელებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა თუ ემიგრანტებს ენასთან ადაპტაციას გაუმარტივებს. “გერმანული სლენგი” “My Publishing House / ჩემი გამომცემლობის” მიერ გამოიცა, რომლის დირექტორიც ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილია.

Leave a Reply