ის, რომ ანაფილაქსიური მაჩვენებლები ფიქსირდებოდა, ამის შესახებ ვაქცინის გვერდით მოვლენებში აქამდეც მითითებული იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენ ძალიან ადრე და ერთ-ერთი პირველები მოვხვდით ამ ანაფილაქსიური რეაქციების სიაში და გამოსავალიც ასეთი ცუდი მივიღეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

„ქვეყანას აქვს მოულოდნელი გვერდითი რეაქციების მართვის შესაძლებლობა და ჩვენ ასევე გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს კონცეტრირებულად მრავალპროფილურ სტაციონარებში. გუშინდელი შემთხვევაც კლინიკაში მოხდა, ერთი წუთიც არ დაგვიკარგავს არც ტრანსპორტირებაზე და არც იმაზე, რომ პაციენტს დროულად მიეღო შესაბამისი დახმარება. სადაც იმუნიზაცია ტარდება, ყველა კაბინეტი აღჭურვილია შოკის მართვის შესაძლებლობებით. როდესაც ეს ამბულატორიაში ხდება, გარკვეული დრო შეიძლება დაიკარგოს ტრანსპორტირებაზე, მაგრამ როდესაც სტაციონარში ხდება, რაც გუშინ მოხდა, ამ შემთხვევაში არცერთი წუთი არ დაკარგულა.

სამომავლოდ რომ გადაზღვეულები ვიყოთ, სადმე დრო რომ არ დაიკარგოს, გვირჩევნია ეს ყველაფერი გაგრძელდეს მულტიპროფილურ სტაციონარებში, სადაც იქვე არის რეანიმაციული განყოფილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Leave a Reply