ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან განახლდება.

ამ მოლაპარაკებებში, ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვინაიდან, ამის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ნიკა მელიას: ჩვენი პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ ნიკა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

„ჩვენ, ქართული ოცნება“ არ ვაპირებთ, რომ ზურგი შევაქციოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მხარდამჭერების არჩევანს იმ არჩევნებში, რომელშიც გავიმარჯვეთ. ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვინაიდან, ამის საფუძველი არ არსებობს.

ოპოზიციას კონსტრუქციული წინადადება შევთავაზეთ, როდესაც ვუთხარით, მოდით, შევქმნათ პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ეს არჩევნები შევაფასოთ, ერთად გამოვიძიოთ, ერთად გადავამოწმოთ პრეტენზიები. თუ იქნება სისტემური გაყალბების ნიშნები და გადახრა, მხოლოდ მაშინ განვიხილოთ უკვე თქვენი მოთხოვნა – მათ ამაზე უარი თქვეს. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მხარდამჭერების არჩევანი გადავყაროთ და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დავეთანხმოთ, ეს ცალსახაა. რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი დაპირისპირება სახელმწიფოსთან და კანონებთან პოლიტიკური აქტი იყო. მან განაცხადა, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერც დამაპატიმრებთო. თავის მხარდამჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ კანონი არსებობს თქვენთვის, მაგრამ მე კანონზე მაღლა ვარ და კანონის სხვანაირი გაგება შეიძლება ჩემს შემთხვევაშიო. ამ დროს, მართლმსაჯულებამ და სახელმწიფომ შეახსენა ნიკა მელიას, რომ ამ ქვეყანაში კანონიც არსებობს და მართლმსაჯულებაც.

ჩვენი პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ ნიკა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. დღესდღეობით ყველაზე მარტივი გზა, რომ ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გახლავთ გირაოს გადახდა. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Leave a Reply