„ალტერნატივას“ ლიდერი ალექსანდრე პაიკაძე ტელეკომპანია ახალთან საუბარში აცხადებს, რომ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქციებს სულ რამდენიმე ხანში დაიწყებენ.

-9 მაისს ხდება 6 თვე, რაც გადაბმულად მოქმედებს კომენდანტის საათი, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის  ვირუსის მართვასთან , ეს არის ტიპიური დიქტატორული მართვის ფორმა, რომლითაც ახერხებენ შემდეგ ყველაფერს.

დიახ, ვაანონსებთ აქციებს, გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფებთან, რადგან ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ან ადამიანის პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც ეხება ყველას. როცა ეკონომიკის მინისტრი ტურიზმზე საუბრობს, რატომღაც ივიწყებს, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათია, რომელი ტურისტი ჩავა იქ, სადაც 9 საათის მერე შეზღუდვაა. არ დახარჯავს აქ 9 საათის მერე სასტუმროში ჯდომის გამო ფულს არც ერთი ტურისტი. ტურიზმზე მოთხოვნებს ამ მარაზმატული შეზღუდვებით ხელოვნურად აჩერებენ.

ჩვენ მივცემთ გონივრულ ვადას ხელისუფლებას და ვიწყებთ აქციებს. ეს არ იქნება აქცია აქციისთვის, იმედი გვაქვს საზოგადოება ამ საკითხის გარშემო ერთად დადგება.

Leave a Reply