ჯერ საქართველოში არ მომხდარა, რომ რომელიმე პარტიის კანდიდატი სხვა პარტიის შტაბში შეჭრილიყო და დღეს ეს იყო პირველი შემთხვევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი შეიჭრა შტაბში და რომ არა წინა დღეებში ჩვენი მოწოდება და უდიდესი მოთმინება, რისთვისაც ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადოთ, იქნებოდა სერიოზული დაპირისპირება. შერჩეული იყო ისეთი ლოკაცია, სადაც არის კიბე, მეორე სართული და ამ კიბეს მოაჯირი ზედა მხარეს საერთოდ არ ჰქონდა. მცირე შეხლა-შემოხლა და რომელიმე ოპერატორი, ჟურნალისტი, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ან ჩვენი შტაბის რომელიმე წარმომადგენელი გადავარდებოდა. ანუ, ასეთი ლოკაცია იყო და ფაქტი ისაა, რომ ასეთი ადგილი იყო შერჩეული. შტაბში რაღაც მოგონილი არგუმენტით მიუვარდნენ და წარმოიდგინეთ, ეს მოუთმინეს, მაგრამ ადამიანის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ საღამოს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბათუმში ჩვენი შტაბის წარმომადგენლები, აქტივისტები და მხარდამჭერები დაგვეწყნარებინა. მე პირადად და არა მარტო მე, ტელეფონზე საათობით ლაპარაკი დამჭირდა იმისთვის, რომ იქ არ მივარდნოდნენ. ჰქონდათ რაღაც გეგმები, რომ ცოცხები და „კასტილები“ დაეყარათ. მერე შეიძლება, ისინი გამოსულიყვნენ, ამათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და კუნთების თამაში თუ არის, ვერც კუნთებით მოგვერევიან, მაგრამ მართლა ამით ხომ არ უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, იგივე კანდიდატი, ვინც „ქართული ოცნების“ შტაბში შეიჭრა და პროვოკაცია მოაწყო, ნაშუადღევს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საკმაოდ ხალხმრავალ შეხვედრაზე ბავშვთან, ორი-სამი წლის გოგონასთან ერთად მივიდა, დიდი ალბათობით, იმის იმედით, რომ იქაც რაღაც მოხდებოდა.

Leave a Reply