შალვა კერესელიძე – მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დაინტერესდეს მოსახლეობის პრობლემით, პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრი უფრო სასარგებლოა,   ვიდრე ჩვენი გუნდის მიმართ ცილისმწამებლურ და უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბარი
პარტია “საქართველოსთვის” წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
“ჩემი დღევანდელი პოლიტიკური განცხადება შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, იქ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ წინაშე არსებულ პრობლემას, რომელიც მრავალი წელია უკვე დგას დღისწესრიგში, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოგვარდა. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ყაზბეგში და შევხდი აღშფოთებულ მოსახლეობას.  ეს შეეხება დაბა სტეფანწმინდის და გერგეთის წყალმომარაგების პრობლემას, რომელიც დაახლოებით 8 წელია  არ მოგვარდა და მუდმივად ხდება  პროცესის გადავადება” – განაცხადა კერესელიძემ.
მისი თქმით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო პროექტირება და დაწყებულიყო სამუშაოები, მაგრამ გაურკვეველი ვადით ისევ გადაიდო.
“2019-20 წელიწადში პირადად მეც ვიყავი ამ პროცესებში ჩართული და მივედით საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო პროექტირება, ხოლო მიმდინარე წელს უკვე სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, რათა გადაწვეტილიყო ეს პრობლემა. მაგრამ ისევ გარკვეული ვადით მოხდა ისევ ამ პროცესის გადავადება, საუკეთესო შემთხვევაში 2025 წლამდე დაბა სტეფანწმინდა და გერგეთს, წყლის გარეშე მოუწევს არსებობა, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, დაინტერესდეს აღნიშნული პრობლემით და მსგავსი პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრი ბევრად უფრო სასარგებლოა ჩვენი მოსახლეობისთვის, ვიდრე სხვა საკითხებზე ზრუნვა, ვიდრე ჩვენი გუნდის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების და უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბარი. მივმართავ ასევე მმართველ პოლიტიკურ გუნდს და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთის ლანძღვა-გინებისა, სწორედ მსგავსი პრობლემებით დავინტრესეთ, რაც არსებობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რადგან მსგავსი პრობლემები ყველა მუნიციპალიტეტშია” – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Leave a Reply