სოფო ხორგუანმა პროკურატურას მიმართა:

-მიმდინარე წლის მაისის თვეში ჩემთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ. კერძოდ, ხელისუფლებასთან (თავად საჯაროდ პოზიციონირებს, როგორც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ახლობელი) და პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა მოქალაქემ, ყოფილმა ჟურნალისტმა, ნინო ჯღარკავამ, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ მეშვეობით საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით სოფიო ხორგუანს, ანუ მე, პარტია ,,ქართულ ოცნებასთან“ და ხელისუფლებასთან გაფორმებული მქონდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე მედიაში უნდა მეკეთებინა ხელისუფლების მხარდამჭერი და მისი პოზიციის დამადასტურებელი განცხადებები, რის სანაცვლოდაც ვიღებდი გარკვეული ოდენობის ანაზღაურებას. უფრო მეტიც: აღნიშნული ქალბატონი დამაჯერებლად აცხადებს, რომ მას ხელი მიუწვდება დოკუმენტზე, რაც დაადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას და შესაძლოა, აღნიშნულ დოკუმენტზე არსებობდეს სოფიო ხორგუანის სახელით ხელმოწერაც.

მოგეხსენებათ, მართლაც არსებობს ექსპერტთა წრე, რომელიც დაკავებულია სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერით და ყოველი მათი შეხება მედია-საშუალებებთან ამის მკაფიო დადასტურებაა. ამასთან, შესაძლოა, მათ ნამდვილად აქვთ პარტია ,,ქართულ ოცნებასთან“ რაიმე სახის კონტრაქტი და აღნიშნულ საქმიანობაში იღებენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც კანონთან კონფლიქტში არ მოდის. აქედან გამომდინარე, დამაჯერებელია ქალბატონ ნინო ჯღარკავას კატეგორიული მტკიცება იმის შესახებ, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, მეც იმავე საქმიანობას ვეწევი ან ვეწეოდი. ვინაიდან მე ხელისუფლებასთან ან პარტია ,,ქართულ ოცნებასთან“ ან სხვა სუბიექტთან მსგავსი შინაარსის წერილობითი თუ ზეპირი შეთანხმება არასდროს მქონია და, მით უმეტეს, შესაბამისი საზღაურიც არასდროს მიმიღია, სავარაუდოდ, ჩემი სახელით და ჩემგან ფარულად სხვა პირი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უშუალოდ თუ შუამავლის მეშვეობით, პარტია ,,ქართული ოცნებისაგან“ იღებდა ან კვლავაც იღებს ფინანსურ სარგებელს, რაც ნინო ჯღარკავას აღნიშნული განცხადების საფუძველი გახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რასთან დაკავშირებითაც ვითხოვ თქვენს შემდგომ რეაგირებას.

Leave a Reply