გოგონას, რომელიც რუსეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი მატარებლის ვაგონში დაიბადა, ევროპისა და ამერიკის საბალეტო სამყარო „შავ მარგალიტს“ უწოდებდა.
სპეციალურად მისთვის იქმნებოდა წარმოდგენები. მას იწვევდნენ ფილმებში და აღმერთებდნენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები…

თამარ თუმანიშვილის დედა ევგენია თუმანიშვილი ხელთუბნელ თუმანიშვილთა შთამომავალი გახლდათ.

თამარ თუმანიშვილი 1919 წლის 2 მარტს, ომსკიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში მოევლინა ქვეყანას.
ევგენიამ ახალშობილს თავისი გვარი მისცა. ბედად, მშობიარობას ვაგონში მყოფი ექიმი ვლადიმერ ხასიდოვიჩი შეესწრო, რომელმაც მშობიარეზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო და მოგვიანებით მასზე დაქორწინდა.
ჩინეთში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარმა ქვეყანა დატოვა და ეგვიპტის გავლით, რუსული ემიგრაციის ერთ-ერთ ცენტრში – პარიზში გადავიდა.

თამარის დებიუტი ათი წლის ასაკში, ბალეტში „L’Eventail de Jeanna“ შედგა.
1933 წელს პრეობრაჟენსკაიას სტუდიაში სწავლისას, გოგონამ ­ ახალგაზრდა, დამწყები ქორეოგრაფი გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) გაიცნო. ბალანჩინიმ თამარი იმჟამად ცნობილ დასში De Basil Ballet Russes de Monte Carlo აიყვანა.
მოგვიანებით, ქართველი გოგონა ბალანჩინის მუზა გახდა.
სწორედ მას უძღვნა მაესტრომ ბალეტები: „ბროლის სასახლე“ და „კოტილიონი“.

1939 წელს თამარი, დედასთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ჯორჯ ბალანჩინის რჩევით, თამარმა გვარი თუმანიშვილი თუმანოვად შეცვალა.

მალე თამარ თუმანოვა მსოფლიო საბალეტო სცენის პრიმა ბალერინად და „ბალეტის შავ მარგალიტად“ იქცა და მის წინაშე მსოფლიოს წამყვანი თეატრების კარი გაიღო: პარიზის ოპერა, ლა-სკალა, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი… ამ პერიოდში გაიცნო მსოფლიოს უდიდესი ხელოვანები: სერგეი პროკოფიევი, პაბლო პიკასო, მარკო შაგალი და სხვები…
როგორც ინგლისელი მწერალი და ბალეტის კრიტიკოსი კოტონი წერდა, „ბალეტის ისტორიაში თამარა ულამაზესი მოვლენა იყო“.

1940 წლიდან თამარ თუმანიშვილი კინომ გაიტაცა.
1943 წელს მისი კინოდებიუტი შედგა ამერიკელი პროდიუსერისა და სცენარისტის კეისი რობინსონის ფილმში „დიდების დღეები“.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ამერიკამ, რომელიც საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო, საბჭოთა ხალხის მიმართ სიმპათიით განწყობილი რამდენიმე ფილმი გადაიღო.

რობინსონის ფილმი მაყურებელს რუსი პარტიზანის ვლადიმერისა და მოცეკვავე ქალის ტრაგიკულ სიყვარულზე მოუთხრობდა.
ვლადიმერის როლს იმ დროისთვის სრულიად უცნობი გრიგორი პეკი ასრულებდა. მოცეკვავის როლში კი თამარ თუმანიშვილი გახლდათ. „დიდების დღეები“ ორივესთვის სადებიუტო ფილმი იყო.

1954 წელს – „Deep In My Heart“;
1956 წელს – ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის ოქროს დათვის პრიზიორ ფილმში „Invitation To The Dance“, სადაც ჯინ კელის უწევდა პარტნიორობას;
1966 წელს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში Torn Curtain, სადაც პარტნიორობას უწევდნენ პოლ ნიუმენი და ჯული ენდრიუსი.
ბალერინას უკანასკნელი კინოროლი ბილი უაილდერის „შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება“ იყო.

ეკრანიდან და სცენიდან წასვლის შემდეგ მშვიდად ცხოვრობდა ბევერლი-ჰილზზე მდებარე სახლში. არ ხვდებოდა ჟურნალისტებს, არ იღებდა სტუმრებს და მოლოცვებს და 1996 წელს, 77 წლის ასაკში, ასევე, ჩუმად წავიდა ამ ქვეყნიდან. დაკრძალულია ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე, დედის, ევგენია თუმანიშვილის გვერდით.
ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდა.

Leave a Reply